Saturday, August 17, 2019

როგორ მოვარჯულოთ დრაკონი :)

დიდი ხანია ვაპირებდი შემეძინა გიბსონ ლეს პოლ სტანდარტის ჩინური ასლი. ინტერნეტში უამრავი ინფორმაციაა ამ გიტარების შესახებ. ზოგი აქებს, ზოგი აძაგებს, ჭეშმარიტება კი როგორც ყოველთვის, სადღაც შუაშია. ამიტომ გადავწყვიტე, მეყიდა ერთი ცალი კოლექციისთვის და თან გამერკვია მისი ავკარგიანობა. ნებისმიერი ახალი გიტარა ამათუიმ დონეზე საჭიროებს ტექნიკურ სერვისს, თავისთავად, დაბალბიუჯეტიანი ინსტრუმენტები უფრო მეტად, მითუმეტეს, თუ ის დამზადებულია ჩინეთში და თანაც „ოფიციალურად ყალბი“ წარმოებისაა. მიმოხილვებში ბევრი ავტორი აღფრთოვანებული წღნიშნავს, რომ კარგად შესრულებული აბგრეიდის მერე არცთუ ხელწამოსაკრავ ინსტრუმენტს ვიღებთ. მაინტერესებდა, რამდენად კარგ ინსტრუმენტად შეიძლება იქცეს სათანადო ჩარევის შემდეგ.

რამოდენიმე ვარიანტიდან შევარჩიე ერთერთი და გამოვიწერე. ფასი მისაღებია, განბაჟებას არ ექვემდებარება. 32 დღე დაჭირდა საქართველოში ჩამოტანას, ჩამოვიდა კარგად, სქელ პენოპლასტში შეფუთული და სკოჩით საიმედოდ გადაკრული. პირველი დათვალიერებით მნიშვნელოვანი დეფექტი გიტარას არ გააჩნდა, ლაქით ხარისხიანადაა დაფარული, ფერი ზუსტად იგივეა, რაც გამოვიწერე.



გრიფის თავზე წარწერა Gibson სადაფისაა, ისევე, როგორც გრიფზე ლადების აღნიშვნები.

სუბიექტურად, გრიფის თავი ორიგინალ ლეს პოლზე მომცრო მეჩვენება (ახლომახლო არ მაქვს ამერიკული, რომ შევადარო). სიმები უხარისხო 09-42 სტანდარტი ეყენა (ისევე, როგორც უმეტესობა ახალ ელექტროგიტარებზე), იმავე დღეს შევცვალე 10-46 სეტზე. გამორთული გიტარა იმენად კარგად ჟღერს, რომ ჩემმა 9 წლის დისშვილმაც აღნიშნა, რა კარგი ხმა აქვსო. ლადები სქელი არაა (სასურველი კი იქნებოდა), ალაგალაგ ზომიერად „ბზუის“ (მეთორმეტე ლადზე 2 მილიმეტრის სიმაღლის პირობებში), არაფერი საგანგაშო. კორპუსი მაკაგონის სამი ნაჭრისგან შედგება (ამერიკული ლეს პოლების კორპუსები 2 ან 3 ნაჭრიანებია), გრიფიც ასევე მაკაგონისაა, ერთი მთლიანი ნაჭერი (დაჟე კოლკებთან არაა გადაკერებული, როგორც ეს ბევრ ორიგინალ გიბსონებს და ეპიფონებს აქვს), გარდა კორპუსთან მიმაგრების მიდამოში ერთი პატარა დამატებული ნაჭრისა. არა მგონია, რომ ეს ძალიან აშავებდეს ხმასთან მიმართებაში რამეს.
 
კოლკები ვითომ გიბსონ დელუქსია (ასე აწერია, მაგრამ არ დაიჯეროთ. გიტარის აწყობა შესაძლებელია, მაგრამ მაინც შესაცვლელია).

ნატი პლასმასისაა, დიდად საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ აბგრეიდისას მასაც აუცილებლად გამოვცვლი.
 


პიკაპების გადამრთველი კარგია, შეიძლება მისი დატოვება. პოტენციომეტრები უხეშია, ადვილად არ ტრიალებს (შესაცვლელია). ბრიჯი ვიზუალურად ძალიან გავს ეპიფონისას (არაა გამორიცხული, რომ იგივე იყოს). მის გამოცვლასაც ვგეგმავ, რადგან არ მომეწონა (სედლები რეზონირებს მესამე და მეოთხე სიმზე. სურათზე თუ დააკვირდებით, ფოლადის სიმითაა „შურუპები“ დამაგრებული. შეიძლება გაჩუმება, მაგრამ არ ღირს, ჯობია წესიერი ბრიჯის დაყენება).

პიკაპები ნიკელითაა დახურული, არაა პარაფინირებული, რის გამოც გამოხატულია მიკროფონის ეფექტი და მაღალ გეინზე წივილი. სოლოზე კარგად ჟღერს, განსაკუთრებით ქრანჩზე. ბგერა რბილია, აქცენტირებული საშუალო სიხშირეებით და იმდენად თბილი საუნდი აქვს, რომ რაღაც პერიოდი ვიფიქრე, პარაფინირებას გავუკეთებ და დავტოვებთქო. მაგრამ, როგორც კი ერთდროულად ორ სიმს ან მეტს იღებ, საუნდი გარჩევადობას კარგავს მცირე ქრანჩზეც კი (ქლინზე ნორმალურას ჟღერს). სამართლიანობისათვის ისიც უნდა ითქვას, რომ კონცეპტუალურად გიბსონ ლეს პოლ სტანდარტი არაა გამოკვეთილად მეტალ-გიტარა (ამას ბევრი გააპროტესტებს :D ). არ ვიცი, რამდენად უშველის ამას პარაფინი, მაგრამ ტრადიციას არ ვუღალატებ და ამ გიტარაში სეიმორის ჰოთ როდ სეტს (JB/Jazz) ჩავსვამ.

ჯერჯერობით, რა პრობლემებსაც წავაწყდი: სიმების გამოცვლისას ფინგერბორდი კარგა ხანი ვწმინდე, ასე მეგონა, ჩინური ინდუქტრიის მთელი ნარჩენი ზედ იყო დალექილი. გაწმენდის შემდეგ, კონდიციონერის (მე დანლოპს ვიყენებ) კარგი სქელი ფენა ხარბად შეიწოვა (ძალიან ყოფილა ხე გამომშრალი), რის შედეგადაც ლადებმა ოდნავ შეიცვალა სიმაღლე და ერთ-ორ ადგილას მცირე ფრეტჯობს ითხოვს (ძალიან ლაითად, გამოსწორებადია და დიდი არაფერი დაშავებულა).
ჯერ კიდევ საბოლოოდ ვერ გადავწყვიტე, რომელი ვარიანტი ავირჩიო პიკაპების კომუტაციისათვის. ზოგადად ძალიან მიმზიდველია პეიჯის სქემა (4 პუშ-პული, ჰამბაკერების სინგლებად გადაკეთება, პიკაპების მიმდევრობით ჩართვა და ფაზის ინვერსია), მაგრამ მჭირდება რომ ამ ინსტრუმენტზე ამდენი ვარიანტი? ვფიქრობ, საკმარისი უნდა იყოს მარტო ჰამბაკერების სინგლებად გათიშვა.
ელექტროობის ბუდე დიდად მოსაწონი არაა.

პოტენციომეტრები მაინც შესაცვლელი იყო, ეკრანირებაც გასაკეთებელი, საბოლოოდ გადავწყვიტე და ვიყიდე პეიჯის კომუტაციისათვის წინასწარ აწყობილი პლატა 4 პუშ-პულ პოტენციომეტრით


სიმების დამჭერები, რაც ეყენა, გიტარას არ შლიდა და დატოვებაც შეიძლებოდა ალბათ, მაგრამ მაქსიმალური აბგრეიდით მიღებული საბოლოო შედეგის ცნობისმოყვარეობით (და ასევე იმის გამო, რომ ორიგინალ გიბსონებსაც კი, კოლკებს უცვლიან), შევარჩე ვინტეჯ სტილის,
Grover ბრენდის მაღალხარისხიანი ამერიკული კოლკები.

იუტუბზე თუ სხვადასხვა ფორუმებზე ამბობენ, რომ რაც უფრო მძიმეა სიმების დამჭერები, მით უფრო კარგი ხმა აქვს გიტარასო. ასე პირდპირ, არ შემიდარებია და ვერაფერს ვიტყვი, თუმცა ვაღიარებ, რომ ახალი კოლკები ძველებთან შედარებით ნამდვილად მძიმეა (ძირითადად, ხარისხიანი მეტალის გამო) და ნებისმიერ ხარისხიან ნივთს უპირატესობა აქვს. ახალი კოლკების დასაყენებლად საჭირო გახდა გრიფზე არსებული შესაბამისი ხვრელების უკანა ნაწილის 2 მილიმეტრით გაგანიერება (სურათზე, მარცხნივ ორიგინალი, ხოლო მარჯვნივ Grover-ის კოლკაა).

ყოველი შემთხვევისათვის, ჰედსტოკს გახვრეტამდე, მეტი სიმტკიცისათვის ლეიკო შემოვუჭირე (იყო თეორიული რისკი, რომ ელექტრობურღს ხე გაეხეთქა და გიტარა გადასაგდები გახდებოდა), თუმცა პროცედურამ ექსცესების გარეშე ჩაიარა და ახალი კოლკები ფრიად საიმედოდ ჩაჯდა განკუთვნილ ნახვრეტებში.

დიდი ფიქრის მერე, ისევ ექსპერიმენტის აზარტით, გადავწყვიტე ნატის შეცვლაც. ქარხნულდ იაფფასიანი პლასტმასის ნატი ეყენა და თითქოს არც საჭიროებდა შეცვლას, მაგრამ შევარჩიე და გამოვიწერე მრავალჯერნაქები კომპანია graphtech-ის ნატი TUSQ XL, ეპიფონის ზომებით (თავიდან გიბსონის სტანდარტის გამოვიწერე, მაგრამ აშკარად ზომებში არ დაემთხვა, ამიტომ მოერე ცდა დამჭირდა და გაამართლა კიდეც. შესაბამისად, თუ ვინმე იგივეს გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ). ნატის შეცვლის პროცედურა იუტუბზე ბევრგანაა გაშუქებული, ამიტომ მე მხოლოდ იმას დავამატებ, რომ როცა ორიგინალ ნატს მოხსნით, ქლიბით ძალიან არ გაერთოთ, შეიძლება ზედმეტი სიცარიელე შეიქმნას ახალი ნატისათვის განკუთვნილ ბუდეში.
 
 
და რადგან ჰედსტოკი მომყავდა ფორმაში, ტრას როდ კოვერიც გამოვცვალე და საბოლოოდ ასეთი შედეგი მივიღე:

ამ ეტაპზე საბოლოო ნაბიჯი ბრიჯის გამოცვლა იყო. ცალკე დიდი თემაა, თუ რომელი ჯობია და რითი განსხვავდება ეს ბრიჯები ერთმანეთისაგან, რა ზომები და რომელ ინსტრუმენტებზე გვხვდება (შერჩევისას, აუცილებლად კარგად გაარკვიეთ, რა გჭირდებათ), ამიტომ, ცოტა ხნის წინ ვიყიდე 2014 წლის ორიგინალი გიბსონ ლეს პოლის ბრიჯის მთლიანი კომპლექტი, რომელიც პირდაპირი გამოცვლით, თავისთავად, არ წავიდა ამ ინსტრუმენტზე, თუმცა მცირეოდენი მანიპულაციის დახმარებით ისვე საიმედოდ მოვარგე, როგორც ორიგინალი უნდა ეყენოს.



ყველაფერი ზემოხსენებულის საბოლოო შედეგად მივიღე დამყოლი ინსტრუმენტი ძალიან სუფთა ბგერით და ასევე გრძელი სუსტეინით. არ ვიცი ეს უკანასკნელი კონკრეტულად რომლის გამო გაიზარდა - მომჭერების, ნატის თუ ბრიჯის გამო, ცალცალკე მათი შემოწმება არც მიცდია, მაგრამ შედეგიდ იმდენად კმაყოფილი ვარ, რომ ვთვლი, ზედმეტი არცერთი ნაბიჯი არ ყოფილა.

ესეც ფოტო:
 

p.s. საბოლოოდ, საუნდის მოსმენის შემდეგ, ბრიჯში ჩავსვი Seymour Duncan Custom 5 (sh-14) , რომელსაც შედარებით დაბალი output აქვს, მაგრამ სამაგიეროდ მეტი ბასი და დინამიკა. ასევე, ნეკ პიკაპსაც კოვერი გავუკეთე.

Monday, December 10, 2018

Tonewood

გიტარისტებში დიდი ხანია მიდის კამათი თემაზე, აქვს თუ არა ჟღერადობისთვის მნიშვნელობა იმ ხის მასალას, რითიც დამზადებულია ინსტრუმენტი. აკუსტიკურ გიტარებში საკითხი ცალსახად გარკვეულია, სიტუაცია გაცილებით მწვავეა ელექტროგიტარების შემთხვევაში. აზრი ორად იყოფა. ერთი ნაწილი თვლის, რომ ელექტროგიტარის ხმის ტემბრს განაპირობებს მხოლოდ პიკაპები, მეორე ნაწილი კი ამტკიცებს, რომ ერთიდაიგივე პიკაპი სხვადასხვა ხის კორპუსზე სხვადასხვანაირად ჟღერს. ინტერნეტი სავსეა რესურსებით (ფორუმები, სტატიები, იუტუბი... საკმარისია ჩაწეროთ საძებნ სისტემაში tonewood და ზღვა ინფორმაციაა), სადაც ნაწილი ერთ პოზიციას ემხრობა, მეორე ნაწილი კი საპირისპიროს ამტკიცებს.

ჩემი აზრით, გიტარის ჟღერადობაში ხის მასალას დიდი მნიშვნელობა აქვს. გარდა იმისა, რომ აკუსტიკურადვე (სანამ გიტარას შეაერთებ), ეს განსხვავება აშკარაა, გიტარის წესიერ ამპში შეერთების შემდეგაც, ინსტრუმენტის ინდივიდუალურობა არ იკარგება და ეს განსაკუთრებით აშკარად ჩანს გამაძლიერებლის სუფთა არხზე. რაც უფრო ავუწევთ გეინს, სხვაობა შედარებით მხირდება და თითქმის მინიმუმამდე დადის ულტრამაღალი გეინის გამოყენებისას, მაგრამ ამ დროსაც კი, თუ რეალურ დროში და კარგად აწეულ ამპზე ვუკრავთ გიტარაზე, მისთვის დამახასიათებელი ობერტონები და რეზონანსები კარგად იგრძნობა. თავისთავად, გიტარის ჟღერადობას მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მისი კონსტრუქცია (მენზურის ზომა, გრიფისა და კორპუსის გადაბმის ტიპი, ბრიჯის სახე...), პიკაპები, სიმები და მასალა, რითაც დამზადებულია ნატი და ლადები.

Saturday, December 19, 2015

და იშვა სტრატი :)

კოლექციას რომ გადავხედე, აშკარად აკლდა სტრატოკასტერი. ბავშვობაში მინდოდა, მერე მალევე მივხვდი, რომ არაა საჩემო ინსტრუმენტი, მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდაა. მოგწონს თუ არა, სტრატის ბგერას აქვს განუმეორებელი ხასიათი, რისი კოპირებაც შეუძლებელია სხვა ინსტრუმენტებით. ამიტომ, ცოტა ხნის წინანდელი ლეს პოლის შემდეგ, გადავწყვიტე კოლექციისათვის შემემატებინა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, დიდი ფიქრი არ დამჭირდა იმისათვის, რომ ჩემ გემოზე აჯობებდა აწყობა და არა გამზადებული მოდელის ყიდვა.

ბევრი მეკითხება, რატომ ვაწყობ მეთვითონ და არ ვირჩევ სერიულ ან კასტომ მოდელებს. პირველი ფაქტორი, ესაა ფასი: თუ კარგად იცი, სად და რა მოძებნო, საბოლოო შედეგი უფრო იაფი გამოდის. მეორე (და მნიშვნელოვანი), ესაა კონფიგურაცია: შენ მიერ შერჩეული კონფიგურაცია ზუსტად ისაა, რაც გჭირდება, და არა ის, რაც სერიულად იყიდება. ერთგვარი კასტომ ბილდია (და არა კასტომ შოპი, რომელიც, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მაღალი კლასი იქნება), თავიდანვე გემოვნებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, სერიულ მოდელებზე კი უმეტესად, გარკვეული მოდერნიზება მაინც გჭირდება. მითუმეტეს, ფენდერის შემთხვევაში, მათ საიტზე შეიძლება ააწყო ინსტრუმენტი შენი გემოვნებით. ვცადე და კეისიანა 1850$ გამოვიდა, ამიტომ გადავწყვიტე, დამოუკიდებლად მემოქმედა, მითუმეტეს რომ ერთი-ორი შურუპის მოჭერა დიდად არ მიძნელდება :)


ფენდერის ოფიციალური საიტიდან, იგივე მონაცემების ბილდი კეისის გარეშე, 1699$


პირველ რიგში, Body, ანუ გიტარის სხეული-მთავარი, რაც ქმნის ინსტრუმენტს. ამერიკულ მუსიკალურ ბაზარზე ბევრი საწარმოა, რომელიც ქმნის სტრატის კორპუსებსა და გრიფებს. ბევრი იაფიანი და უვარგისია, ზოგი ზომიერი ფასის და ხარისხის (მაგალითად, Mighty Mite), ზოგიერთი ძვირი და ტოპ-კლასის (მაგალითად, Warmoth), მაგრამ მე გადავწყვიტე თვით ფენდერისვე დამზადებული, American Standard-ის კორპუსი ამეღო, ასე ვთქვათ, აბსოლუტური აუთენტურობისათვის. ამავე მიზეზითვე ავარჩიე ვინტეჟ ტრემოლოსათვის გამზადებული ნახვრეტებით. ხის მასალა-ან Alder (მურყანი) ან Swamp Ash (ჭაობის იფანი), და რადგან ეს უკანასკნელი ტონში ძალიან დიდ დიაპაზონში ვარირებს, არჩევანი პირველის სასარგებლოდ გავაკეთე.



პიკაპები-ასევე, გიტარის საუნდის განმსაზღვრელი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. ზღვა არჩევანია და დავიბენი- არის დიმარზიოსა და ჩემი საყვარელი სეიმორ დუნკანის რამოდენიმე მოდელი, რომელიც ძალიან მაინტერესებს. ბევრი აქებს ლეის სენსორებს და მეც დამიკრავს მასზე (თუმცა რა შთაბეჭდილება დამიტოვა, არ მახოვს), და ბოლოს, თვით ფენდერისვე ამერიკული წარმოების მოდელები, რომლებიც თავგზას გიბნევს, ძნელია ააჩიო რომელიმე სეტი. ტვინის დიდი ჭყლეტის შემდეგ შევიძინე Deluxe Drive Stratocaster Pickups სეტი. გადაწყვეტილება მივიღე ორი მიზეზით: ამ პიკაპებში გამოყენებულია Alnico 3 მაგნიტი, როგორც პირველ სტრატოკასტერებში (ფენდერმა ამავე მაგნიტებით ცოტა ხნის წინ გამოუშვა საიუბილეო, 1954 წლის მოდელის სეტი). ეს ალნიკოებში ყველაზე სუსტი მაგნიტია (ალნიკო ალუმინის, ნიკელისა და კობალტის შენადნობის აბრევიატურაა, თუმცა Alnico 3-ში კობალტი ფაქტიურად არ შედის), ამიტომ ყველაზე ნაკლებად მოქმედებს სიმის ვიბრაციაზე (არ აჩერებს მას). ეს უპირატესად ნეკ-პოზიციაშია მნიშვნელოვანი, სადაც სიმის ვიბრციის ამპლიტუდა უფრო მაღალია. ამავე დროს, ეს მოდელი ფენდერის ყველაზე „მაღალვოხოდიანი“ პიკაპებია (სადენის მეტი ხვიაა), რაც მაღალი გეინისას ინსტრუმენტს ნოტების გარჩევადობას უნაჩუნებს (ფენდერის სეტებიდან ძალიან მაინტერესებს ასევე Custom '69 Strat Pickups, რომლებიც უმეტეს კასტომ შოპ სტრატებზე აყენია, მაგრამ ეს სხვა დროს).

გრიფი მინდოდა Maple-ს (ნეკერჩხალი) ფრეტბორდით და არაპრიალა ლაქით დაფარული (ვეძებდი ეგრეთწოდებულ Satin finish-ს, ჩემს ერთერთ ჯეკსონზე ეგეთივე გრიფია და ამ ინსრუმენტზეც რაღაც ანალოგიური მინდოდა დამეყენებინა). უაზროდ ძვირია ამერიკაში დამზადებული ორიგინალი ფენდერის ნეკები, და რადგან მინდოდა, რომ ჰედსტოკზე ნამდვილი ლოგო ყოფილიყო, ამასთანავე, ვინაიდან მექსიკური სტრატების ხის ნაკეთობა ჩემთვის სავსებით მისაღებია, დიდი ხნის ძებნის შემდეგ კარგ ფასად გადავაწყდი პრაქტიკულად უხმარ, 2006 წლის გრიფს.


ტუნერები (კოლკები) ამერიკან სტანდარტის ავიღე. Locking Tuners-ებში ორმაგის გადახდა არ ჩავთვალე საჭიროდ, საქმეს ესეც გააკეთებს.

ტრემოლო-აქ საყურადღებოა სწორად შეირჩეს ზომები. ვინტეჟ ტრემოლოს ამერიკულ სტრატებზე ნახვრეტებს შორის მანძილია 2-3/16" (მექსიკურებზე ეს მანძილია 2-1/16"). ხმისთვის ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს, რეზონანს ბლოკის მასას- კარგია, თუ ის სქელი ფოლადისაა (ასევე, კარგია სპილენძისგან დამზადებულები. ცუდია თუ თხელია და თან თუჯის).


დანარჩენი წვრილმანი ჰარდვერი ყველაფერი კვლავ Genuine Fender Parts, შემდეგ ეკრანირება, აწყობა...რაღაც პერიოდის შემდეგ საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ნაცვლად დელუქს დრაივისა, ამ გიტარაზე კასტომ 69 სეტი აჯობებდა.



მეტი ბასი, დინამიკა, ნაკლები საშუალო სიხშირეეები და უფრო სუფთა ხმა, რომელიც ოვერდრაივებშიც უფრო გამჭვირვალე იქნებოდა (ეს სეტი სპეციალურად ჯიმი ჰენდრიქსისთვის შექმნა ცნობილმა ებიგეილ იბარამ, ფენდერის კასტომ პიკაპების ბილდერმა ქალბატონმა და ბოლო დრომდე, წლების განმავლობაში მისი ხელით იხვეოდა). სიმებიც Ernie Ball .009-.042 სეტი E სტანდარტ წყობისათვის და დაიბადა სტრატი :)