Friday, February 7, 2020

როგორ შევარჩიოთ გიტარის გამაძლიერებელი


ძალიან ხშირად მომმართავენ ამპის შერჩევისას რჩევებისათვის, ამიტომ გადავწვიტე ეს ბლოგი დამეწერა. მიუხედავად იმისა, რომ იუტუბზე ზღვა ინფორმაციაა, ზოგჯერ ენობრივი ბარიერის და ზოგჯერ სარეკლამო ხასიათის ქვეტექსტის გამო, ნაკლებად გამოცდილ ადამიანს უჭირს განხილვის ობიექტურობაში გარკვევა და თან ვფიქრობ, ბევრ ახალგაზრდა მუსიკოსს გამოადგება ქართულენოვანი ინფორმაცია. უნდა ვაღიაროთ, რომ გიტარისტების აბსოლუტური უმრავლესობა ინსტრუმენტის შერჩევას განსაკუთრებით დიდ დროს და ყურადღებას უთმობს, მიუხედავად იმისა, რომ გამაძლიერებლისა და განსაკუთრებით, კაბინეტის გავლენა საერთო ჟღერადობის ჩამოყალიბებაში უფრო მნიშვნელოვანია. ფაქტია, რომ ძვირფასი გიტარის ტემბრის საუკეთესო დეტალები საერთოდ იკარგება უხარისხო ამპსა და კაბინეტში.
გამაძლიერებლის არჩევისას რამდენიმე საყურადღებო მომენტია, რომელთა გათვალისწინებაც მომავალში ბევრ გაუგებრობას თავიდან აგვაცილებს. საკითხის მოცულობიდან გამომდინარე, შეიძლება ყველა ნიუანსი ამ ბლოგში ვერ იქნას გათვალისწინებული.

პირველ რიგში, მთავარი ფაქტორია მუსიკა, რომლისთვისაც ხდება ამპის/კომბის (არ აქვს მნიშვნელობა, კაბინეტთან ერთად თუ ცალკე) შეძენა. ისტორიულადვე, გარკვეული მწარმოებელი რაღაც კონკრეტული მიმდინარეობის ჟღერადობასთან ასოცირდებოდა და მეტნაკლებად ეს ტენდენცია შენარჩუნებულია, თუმცა ბოლო წლებში ბაზარზე უამრავი ბრენდია, რომელიც კონკრეტულ მუსიკალურ ჟანრთან არაა დაკავშირებული და მათი პროდუქტის ფართო მუსიკალურ სპექტრში გამოყენება შეიძლება. მაგალითად, ბლუზის, ქანთრის ან ჯაზის   დასაკრავად უფრო ფენდერის პროდუქტი შეიძლება გაახსენდეს ადამიანს. ბრიტანული კლასიკური როკისთვის ვოქსი ან მარშალი. ეს უკანასკნელი მწარმოებლებიდან ალბათ ყველაზე ფართო მუსიკალურ სპექტრს მოიცავს, ფანკიდან მეტალით დამთავრებული, თუმცა ფენდერის საავტორო ნათელი „ბრილიანტისებური“ ჟღერადობა შეუძლებელია მარშალით მიიღო. სამაგიეროდ, ფენდერი ნამდვილად არ გაგახსენდება მძიმე მიმართულების, ხორციანი მეტალის დასაკრავად, სადაც მიუხედავად ამ მწარმოებლის პროდუქციის დიდი ასორტიმენტისა, პირველ რიგში მესა ბუგი, პივი ან ენგლი გახსენდება.
Peavey 6505+ (იგივე 5150)
მძიმე გიტარის სინონიმი, '92 წლიდან ვისმენთ აურაცხელ მეტალ ალბომში.
მისი მთავარი მაგიაა Resonance, რომელიც მანამდე ამპებში არ გვხვდებოდა
მეორე, ესაა ამპის არქიტექტურა. ლამპები, ტრანზისტორი, ჰიბრიდი თუ ციფრული მოდელირება. თითოეულ მათგანს თავისი უპირატესობა აქვს.
ლამპებიანი გამაძლიერებელი პირველი იყო, რაც გამოიყენეს ელექტროგიტარებისთვის და მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიური პროცესების განვითარებისათვის მას შემდეგ კოლოსალური დრო, 70 წელზე მეტი გავიდა, დღემდე ხარისხობრივი ალტერნატივა არ შექმნილა. ის დინამიურ-ჰარმონიული ცვლილება, რასაც ამპში შესული სიგნალი ლამპებში განიცდის და რომელიც ასე ნატურალურად აღიქმება, განუმეორებელი აღმოჩნდა ყურისთვის. ჯერჯერობით ყველა სხვა ტექნოლოგია უძლურია ჩაანაცვლოს ის სპეციფიური დინამიური კავშირი ინსტრუმენტსა და დინამიკს შორის, რომელსაც სიგნალის ლამპებში გავლის შედეგად ვიღებთ, ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ სხვა არქიტექტურას თავისი დადებითი მხარე აქვს, ლამპებიანი გამაძლიერებლები დღეს ისევ წამყვან პოზიციას ინარჩუნებს, მიუხედავად შედარებით მაღალი ფასისა.
Roland Jazz Chorus, გამოდის 1975 წლიდან.
ქლინისთვის თვით Metallica-მ გამოიყენა Black Album-ში
ტრანზისტორები ტექნოლოგიური პროგრესის მომდევნო ეტაპი იყო. მათი საშუალებით შესაძლებელი გახდა უფრო მძლავრი გამაძლიერებლები შექმნილიყო, ამასთანავე, გაიზარდა აპარატურის საიმედოობა და გაიაფდა წარმოება. თითქოს ყველა ფაქტორი, რაც ეკონომიკურ განვითარებას ჭირდება სახეზე იყო, მაგრამ მუსიკოსების საკმაოდ დიდი ნაწილი ზუსტად ისე შეხვდა ამ ინოვაციას, როგორც ის ჟღერდა-ცივად. გაადვილდა, მიიღო ძლიერი სიგნალი, ოღონდ შეუძლებელი აღმოჩნდა ტრანზისტორს გაემეორებინა ლამპებისთვის დამახასიათებელი დინამიური კომპრესია და გაემდიდრებინა სიგნალი ლუწი ჰარმონიკებით. აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ, მაგალითად ფენდერს ქლინისთვის არაჩვეულებრივად კარგად ჟღერადი ტრანზისტორებიანი ამპები აქვს. ასევე, ერთერთი ყველაზე წარმატებული რეალიზაცია იყო Peavey-ს პატენტირებული Transtube ტექნოლოგია, სადაც ყველაზე მეტადაა ტრანზისტორული დინამიკა ლამპებთან მიახლოებული. ქლინ ჟღერადობისთვის ეტალონადაა ქცეული ტრანზოსტორული Roland Jazz Chorus. 
ჰიბრიდული გამაძლიერებელი იყო შემდეგი ნაბიჯი. მწარმოებლებმა გაითვალისწინეს მუსიკოსების აზრი და შეიქმნა სხვადასხვა ტიპის ჰიბრიდული ტექნოლოგიები, რომელთა პრეამპში ერთი ან რამდენიმე ლამპა თავსდებოდა. ისინი სიგნალს ამატებს ჰარმონიკებს და ქმნის ლამპურ დრაივს, სიგნალის საბოლოო გაძლიერება კი ტრანზისტორებით ხდებოდა. ეს გზა ცოტა უკეთეს შედეგს იძლევა, თუმცა ლამპებიანი პავერ ამპის მიერ მაღალ ხმაზე სპეციფიური დინამიური კომპრესია აქ არაა რეალიზებული, შესაბამისად, მაგალითად მარშალ პლექსის კლასიკური ტიპის „დარტყმას“ ეს ამპები ვერ იძლევა.
მოდელირებული ამპები ჯერჯერობით განვითარების ბოლო თაობაა. შეისწავლეს გამაძლიერებელში მიმდინარე ამპლიტუდურ-სიხშირული პროცესები და შექმნეს მისი ციფრული ალგორითმები, რითიც ხდება სხვადასხვა ამპის ან მისი ცალკეული მოდულების მოდელირება (დაახლოებით ისევე, როგორც კომპიუტერების ვირტუალურ ამპებში). ძირითად საქმეს აქ მიკროპროცესორი აკეთებს. გიტარის სიგნალი გადადის ციფრულ ფორმატში, დამუშავდება შესბამისი ალგორითმებით და შემდეგ საბოლოო ეტაპზე უმეტეს შემთხვევაში ახალი, მსუბუქი, D კლასის ამპით გაძლიერებული მიეწოდება სპიკერს. ხშირად აქვეა დამატებული ციფრული სივრცული ეფექტების მტელი არსენალი. ამ ამპების დადებითი მხარეა ის, რომ ერთ აპარატში შეიძლება რეალიზებული იყოს ტემბრების მთელი სპექტრი კლასიკური ამპების ჟღერადობით, ამპი ძალიან მსუბუქია და ეს უდაოდ დასაფასებელი მხარეა. მუსიკოსების დიდი ნაწილი ბრმა ტესტებით ვერ არჩევს, ორიგინალი ჟღერს თუ მისი ციფრული მოდელი. თუმცა, ამას ეწირება ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. როგორც წესი, მოდელირებული მოწყობილობები თვით ინსტრუმენტების აუთენტურობას ნიველირებას უკეთებს. სხვადასხვა გიტარებს შორის ინდივიდუალურ შტრიხებს შორის სხვაობა მეტნაკლებად იშლება. ვიღაცისთვის შეიძლება ეს უმნიშვნელო კომპრომისია, ვიღაცისთვის კი კატეგორიულად მიუღებელი ფაქტორი. სავარჯიშოდ, რეპეტიციაზე ან ტურნეში ძალიან პრაქტიკულია, ბევრი უკვე ჩაწერისთვისაც ციფრულ ტექნოლოგიას იყენებს.

მესამე ფაქტორია სიმძლავრე. არ არის საჭირო იმ სიმძლავრის შეძენა, რომელსაც ვერ გამოიყენებთ. უფრო მეტიც, საჭიროზე მეტი სიმძლავრე თავსატეხიც კი გახდება. თუ ამპი განკუთვლია ძირითადად პრაქტიკისათვის ან სახლში დასაკრავად, მაშინ მისი სიმძლავრე 1-დან 20 ვატამდე შეიძლება იყოს. ლამპებიანი აპარატის 20 ვატი ძალიან ხმამაღალია და ის დრამთან სარეპეტიციოდაც გამოდგება (ეს ისევ მუსიკალურ სტილზეა დამოკიდებული, ასევე, როგორი დაკვრის მანერა აქვს დრამერს და რამდენი ადამიანი უკრავს ბენდში), ამიტომ უმეტეს შემთხვევაში, სახლში სრულად ვერ გამოიყენებთ მის რესურსს. ტრანზისტორული ამპების სიმძლავრე სხვანაირადაა ხმის სიმაღლესთან დაკავშირებული (სუბიექტურად, ძალიან უხეშად თუ ვიტყვით, ტრანზისტორული 50 ვატი დაახლოებით 15 ვატიანი ლაპმებიანი ამპის ხმას უტოლდება). გასათვალისწინებელია, რომ ხმის სიმძლავრე (რაც ვატებში იზომება) და მაღალი ხმა (იზომება დეციბელებში) ერთმანეთთან პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებაში არ არიან. ამაზე მეტს ახლა აღარ ვისაუბრებ, ამ ეტაპზე მხოლოდ ისაა საკმარისი, რომ აპარატის შერჩევისას გავითვალისწინოთ ის მუსიკალური სტილი, რომელიც უნდა შესრულდეს ამ აპარატზე და ის გარემო, სადაც უნდა მოხდეს მისი გამოყენება*.
Mesa/Boogie Mark I (Reissue)
პირველი გამაძლიერებელი, რომელშიც გეინი
პრეამპის ლამპებშივე იყო რეალიზებული
იმის გამო, რომ ლამპებიანი გამაძლიერებლები კარგად მაშინ ჟღერს, როდესაც თვით ლამპა „იტვირთება“ (ანუ, ხმის აწევისას. ზუსტად მაშინ ჩანს დამახასიათებელი ჰარმონიკები და სიგნალის კომპრესიის სპეციფიური ეფექტი), სახლისათვის ჯობია ისეთი ამპის შერჩევა, რომელსაც ან დაბალი სიმძლავრე აქვს, ან მასტერ ვოლუმი, რომელიც არეგულირებს უკვე დატვირთული პავერ ამპის ლამპების საბოლოო სიგნალს. არსებობს ალტერნატივაც, ესაა გარე ატენუატორი, რომლებიც სხვადასხვა პრინციპისაა- ზოგი ყენდება პრეამპსა და ამპს შორის, ან ამპსა და კაბინეტს შორის. ეს ორი აბსოლუტურად განსხვავებული მოწყობილობებია და დაუშვებელია(!) მათი ერთმანეთში არევა. ატენუატორი საშუალებას იძლევა სიგნალში შევინარჩუნოთ დატვირთული პავერ ამპების ლამპების კომპრესია (რომელიც კარგი საუნდის ერთერთი უმთავრესი კომპონენტია) და ამავე დროს რამდენადმე დავწიოთ საბოლოო სიგნალის ხმა იქ, სადაც ეს ზედმეტია (ბინაში ან მაგალითად, პატარა კლუბში). ეს მეთოდი კომპრომისულია-ეწირება პავერ ამპის ლამპების სიცოცხლის ხანგრძლივობა და თვით ხმის ხარისხი.

მეოთხე ფაქტორი - არხების რაოდენობა. ამპების უმეტესობა ისტორიულ საწყისებში იყო ერთარხიანი. დღესაც ბევრი ლეგენდარული თუ ახალი ამპი გამოდის იგივე ფილოსოფიით-იყოს ერთი, მაქსიმალური ხარისხით რეალიზებული არხი, სიგნალის ჯაჭვში მინიმალური ინვაზიით. თუ თქვენ მუსიკაში ინტენსიურად არ იყენებთ სხვადასხვა ტიპის საუნდს, ან ტემბრალური პალიტრის შესაქმნელად უპირატესობას პედლებს ანიჭებთ, შეიძლება ჯობდეს ყურადღება ასეთ ამპებზე გაამახვილოთ. როგორც წესი, მათი პროექტირებისას კომპრომისი მინიმალურია, რაც უდაოდ აისახება ბგერის ხარისხზე. ამას ემატება ის, რომ თქვენთვის მისაღები გეინ-სტრუქტურა პედლების ვარიაციით შეგიძლიათ შექმნათ და გემოვნების ცვლილებასთან ერთად ამპი არ იქნება გამოსაცვლელი.
Marshall JCM800
კლასიკური ერთარხიანი ამპის მაგალითი,
რომლის გამოჩენამაც მძიმე მუსიკის ჟღერადობის განსაზღვრაში გარდამტეხი როლი ითამაშა
მეორეს მხრივ, თუ თქვენ გირჩევნიათ ქლინიც და გეინიც ლამპებიდან იყოს და ამპი მეტ მოქნილობას უზრუნველყოფდეს, მაშინ ორ ან მეტარხიანი ვარიანტის შერჩევა აჯობებს. არსებობს სამ, ოთხარხიანი აპარატები, ზოგიერთი მათგანი თითოეულ არხზე კიდევ უამრავი ვარიაციის საშუალებას იძლევა. თავისთავად, გემოვნების ამბავია და კიდევ კარგი, ბაზარზე დიდი არჩევანია!

აქვე, საკითხის უშუალო თანამდევი თემაა გიტარის კაბინეტი. ნებისმიერი თეთრი, ცენტი, ლარი, ევრო თუ ფუნტი, რომელიც გადაიხადეთ გიტარაში, პიკაპებში, სიმებში და კაბელებში, წყალში გადაყრილია, თუ თქვენი კაბინეტი არ ჟღერს. თუ გიტარა ინსტრუმენტია, რომლითაც ბგერებს ხატავთ, კაბინეტი ფერების ის პალიტრაა, რითიც გადმოგაქვთ თქვენი ხედვა, განცდები, ემოცია, თქვენი ხელოვნება. ძალიან ცოტა მუსიკოსი აღიქვამს სათანადოდ კაბინეტის მნიშვნელობას, არადა ბგერის საბოლოო ფორმირება სწორედ აქ ხდება. ისევე როგორც ინსტრუმენტებში, სპიკერების მთელი არსენალია ასარჩევად და შედარებით მოუმზადებელ ადამიანს უჭირს გარკვევა და სწორი არჩევანის გაკეთება, მითუმეტეს რომ სპიკერის ვიზუალური მხარე ინსტრუმენტისგან განსხვავებით, საერთოდ არ ჩანს. ხშირადაა, როცა კარგი ინსტრუმენტი, კარგი ამპი და მთელი სეტაპი რაღაც ისე არ ჟღერს, როგორც ეს გვინდა ან წარმოგვიდგენია. სწორედ მაშინ, ელემენტარული სვლა-სპიკერის ცვლილება უჩვეულოდ მარტივად წყვეტს თითქოს იდუმალ პრობლემას. დღევანდელ დღეს უამრავი რესურსია სადაც შეიძლება მათი შედარება-შერჩევა. ერთია ტექნიკური მახასიათებლები (რომელიც ხშირად დამწყებთათვის არაინფორმატიულია), მეორეა მათი სპეციფიური საუნდი და ინდივიდუალური ბგერა, რითიც განსხვავდება სხვებისაგან. ძნელია ცალსახა ფავორიტი დაასახელო, თუმცა გიტარისტებისთვის უდაოდ ლიდერია ბრიტანული
Celestion-ის სპიკერები, შემდეგ ალბათ ამერიკული Eminence, Jensen და Electro-Voice მოყვება. ასევე ძალიან კარგი ტემბრალური ტრადიცია აქვს შედარებით პატარა კომპანიას GWS-ს (Warehouse Guitar Speakers), რომელიც რამდენადაც ვიცი, მხოლოდ შტატებში აწარმოებს პროდუქციას.

რა დიამეტრის სპიკერია საჭირო? 8, 10 თუ 12 ინჩი? ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რას მოველით მისგან. სახლში სავარჯიშოდ შეიძლება 8 ინჩიც ეყოს ვინმეს, შეიძლება 10 ინჩითაც ჩაწერო სტუდიაში ღირსეული ტრეკი, მაგრამ დღეს 12 ინჩი ოქროს სტანდარტი და შეუცვლელი ფორმატია. თუმცა მაგალითად
Peavey-ს ზოგიერთ კომბში გიტარის 15 ინჩიანი, ზოგში კი 4x10-იანი სპიკერებია (ისევე, როგორც ფენდერის ბევრ კაბინეტში), რომელიც დეკადების განმავლობაში ძალიან პოპულარული იყო.

სიგნალის დამუშავების ტექნოლოგიის განვითარებამ დიდ სცენაზეც კი 4x12 კაბინეტებით კედლის აშენების აუცილებლობა მოხსნა. მაგრამ ესთეტიური ვიზუალური მხარეც ხომ შოუს ნაწილია?! :D
რამდენი სპიკერი, 1, 2 თუ 4? თუ უკრავთ მუსიკას, სადაც გიტარა არაა მთავარი ინსტრუმენტი, 1x12 იანი კაბინეტი შეიძლება საკმარისი იყოს. თუ დიდ დარბაზებში და მძიმე მუსიკას უკრავთ, სადაც გიტარის რიფები წამყვანია და კარგი palm-muting მუსიკის მთავარი დამრტყმელი ძალა, მაშინ 4x12 მოგწემთ იმ წნევას, რომელიც მსმენელს კბილებს დააყრევინებს დარბაზის წინა რიგებში. ყველა დანარჩენ შემთხვევაში 2x12 პირნათლად შეასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას.

კაბინეტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია მისი ფორმატი - ღია თუ დახურული. აქაც, წესები არ არსებობს, მაგრამ მძიმე მუსიკისთვის უპირატესად დახურულ კაბინეტს ირჩევენ, ქლინისა და ქრანჩისთვის - ღიას.


რამდენიმე რჩევა: 
  • შერჩევისას ჯობია ამპი თქვენს ინსტრუმენტთან მოისმინოთ, თქვენი პედლებით. ან, ყველაზე მიახლოებულ ვარიანტთან. ამით თავიდან აიცილებთ შეძენის შემდეგ სიურპრიზებს, რადგან ერთიდაიგივე ამპი სხვადასხვა გიტარასთან სხვადასხვაგვარად იქცევა.
  • თუ თქვენ იცით, რომელი ამპი გჭირდებათ (მოგწონთ მისი საუნდი თქვენს საყვარელ ალბომში ან მუსიკოსებთან), უნდა გაითვალისწინოთ, რომ ბგერის ჩამოყალიბებაში ინსტრუმენტი და დანარჩენი სეტაპიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
  • გიტარის კომბებში ყოველთვის გათვალისწინებულია გამაძლიერებლისა და სპიკერების სიმძლავრისა და წინაღობის შეფარდება. თუ ცალცალკე ამპსა და კაბინეტს ირჩევთ, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ამ ორ მახასიათებელს. მძლავრი ამპი, განსაკუთრებით ლამპებიანი, ცუდ დღეში ჩააგდებს დაბალი სიმძლავრის სპიკერებს.
  • თუ კაბინეტში მოთავსებულია სხვადასხვა სიმძლავრის სპიკერები, მაშინ კაბინეტის ჯამური სიმძლავრე ითვლება ყველაზე დაბალი სპიკერის სიმძლავრიდან და მრავლდება სპიკერების ოდენობაზე.
  • არასდროს ჩართოთ ლამპებიანი ამპი შეერთებული სპიკერის გარეშე (თითქმის აუცილებლად დაწვავთ გამომავალ ტრანსფორმატორს). ასევე, დაუშვებელია მაღალწინაღობიანი (დავუშვათ, 16 ომიანი) ლამპებიანი ამპის დაბალომიან კაბინეტზე შეერთება (ტრანზისტორები შედარებით ლიბერალური არიან ამ სიტუაციაში).




*სპიკერების (დინამიკების) ერთერთი მახასიათებელია ეგრეთწოდებული მგრძნობიარობა (sensitivity), რომელიც, აღნიშნავს, რამდენ დეციბელ ხმას იძლევა მოცემული დინამიკი მისთვის 1 ვატი სიმძლავრის მოწოდებისას 1 მეტრ მანძილზე. ანუ, მაგალითად, თუ ცნობილი Celestion Vintage 30 არის 60 ვატიანი და მისი მგრძნობიარობა არის 100db, ხოლო მეორე ასევე ცნობილი Celestion G12T-75 არის 75 ვატიანი და მგრძნობიარობა აქვს 97db, ეს ნიშნავს, რომ ერთიდაიგივე ამპის შემთხვევაში Vintage 30 სპიკერები G12T-75-თან შედარებით 3 დეციბელით ხმამაღალი იქნება. პრაქტიკაში კი 3 დეციბელი მნიშვნელოვანი სხვაობაა. ერთიდაიგივე კონსტრუქციის 100 ვატიანი ამპი ერთსადაიმავე სპიკერის შემთხვევაში ზუსტად 3 დეციბელით ხმამაღალია 50 ვატიან ამპთან შედარებით. ან, 100 ვატანი ამპი ხსენებულ 97 დეციბელი მგრძნობელობის სპკერებთან დაახლოებით ისევე ხმამაღალი იქნება, როგორც 50 ვატიანი ამპი 100 დეციბელიან სპიკერებთან. ძალიან უცნაური დამოკიდებულებაა, მაგრამ ამის მიზეზი ისაა, რომ სიმძლავრესა და ხმის სიმაღლეს შორის ლოგარითმული დამოკიდებულებაა და მაგალითად, თუ გვინდა რომ მივიღოთ ორჯერ ხმამაღალი საუნდი, სიმძლავრე უნდა გავზარდოთ 10-ჯერ.

No comments:

Post a Comment