Saturday, August 17, 2019

როგორ მოვარჯულოთ დრაკონი :)

დიდი ხანია ვაპირებდი შემეძინა გიბსონ ლეს პოლ სტანდარტის ჩინური ასლი. ინტერნეტში უამრავი ინფორმაციაა ამ გიტარების შესახებ. ზოგი აქებს, ზოგი აძაგებს, ჭეშმარიტება კი როგორც ყოველთვის, სადღაც შუაშია. ამიტომ გადავწყვიტე, მეყიდა ერთი ცალი კოლექციისთვის და თან გამერკვია მისი ავკარგიანობა. ნებისმიერი ახალი გიტარა ამათუიმ დონეზე საჭიროებს ტექნიკურ სერვისს, თავისთავად, დაბალბიუჯეტიანი ინსტრუმენტები უფრო მეტად, მითუმეტეს, თუ ის დამზადებულია ჩინეთში და თანაც „ოფიციალურად ყალბი“ წარმოებისაა. მიმოხილვებში ბევრი ავტორი აღფრთოვანებული წღნიშნავს, რომ კარგად შესრულებული აბგრეიდის მერე არცთუ ხელწამოსაკრავ ინსტრუმენტს ვიღებთ. მაინტერესებდა, რამდენად კარგ ინსტრუმენტად შეიძლება იქცეს სათანადო ჩარევის შემდეგ.

რამოდენიმე ვარიანტიდან შევარჩიე ერთერთი და გამოვიწერე. ფასი მისაღებია, განბაჟებას არ ექვემდებარება. 32 დღე დაჭირდა საქართველოში ჩამოტანას, ჩამოვიდა კარგად, სქელ პენოპლასტში შეფუთული და სკოჩით საიმედოდ გადაკრული. პირველი დათვალიერებით მნიშვნელოვანი დეფექტი გიტარას არ გააჩნდა, ლაქით ხარისხიანადაა დაფარული, ფერი ზუსტად იგივეა, რაც გამოვიწერე.



გრიფის თავზე წარწერა Gibson სადაფისაა, ისევე, როგორც გრიფზე ლადების აღნიშვნები.

სუბიექტურად, გრიფის თავი ორიგინალ ლეს პოლზე მომცრო მეჩვენება (ახლომახლო არ მაქვს ამერიკული, რომ შევადარო). სიმები უხარისხო 09-42 სტანდარტი ეყენა (ისევე, როგორც უმეტესობა ახალ ელექტროგიტარებზე), იმავე დღეს შევცვალე 10-46 სეტზე. გამორთული გიტარა იმენად კარგად ჟღერს, რომ ჩემმა 9 წლის დისშვილმაც აღნიშნა, რა კარგი ხმა აქვსო. ლადები სქელი არაა (სასურველი კი იქნებოდა), ალაგალაგ ზომიერად „ბზუის“ (მეთორმეტე ლადზე 2 მილიმეტრის სიმაღლის პირობებში), არაფერი საგანგაშო. კორპუსი მაკაგონის სამი ნაჭრისგან შედგება (ამერიკული ლეს პოლების კორპუსები 2 ან 3 ნაჭრიანებია), გრიფიც ასევე მაკაგონისაა, ერთი მთლიანი ნაჭერი (დაჟე კოლკებთან არაა გადაკერებული, როგორც ეს ბევრ ორიგინალ გიბსონებს და ეპიფონებს აქვს), გარდა კორპუსთან მიმაგრების მიდამოში ერთი პატარა დამატებული ნაჭრისა. არა მგონია, რომ ეს ძალიან აშავებდეს ხმასთან მიმართებაში რამეს.
 
კოლკები ვითომ გიბსონ დელუქსია (ასე აწერია, მაგრამ არ დაიჯეროთ. გიტარის აწყობა შესაძლებელია, მაგრამ მაინც შესაცვლელია).

ნატი პლასმასისაა, დიდად საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ აბგრეიდისას მასაც აუცილებლად გამოვცვლი.
 


პიკაპების გადამრთველი კარგია, შეიძლება მისი დატოვება. პოტენციომეტრები უხეშია, ადვილად არ ტრიალებს (შესაცვლელია). ბრიჯი ვიზუალურად ძალიან გავს ეპიფონისას (არაა გამორიცხული, რომ იგივე იყოს). მის გამოცვლასაც ვგეგმავ, რადგან არ მომეწონა (სედლები რეზონირებს მესამე და მეოთხე სიმზე. სურათზე თუ დააკვირდებით, ფოლადის სიმითაა „შურუპები“ დამაგრებული. შეიძლება გაჩუმება, მაგრამ არ ღირს, ჯობია წესიერი ბრიჯის დაყენება).

პიკაპები ნიკელითაა დახურული, არაა პარაფინირებული, რის გამოც გამოხატულია მიკროფონის ეფექტი და მაღალ გეინზე წივილი. სოლოზე კარგად ჟღერს, განსაკუთრებით ქრანჩზე. ბგერა რბილია, აქცენტირებული საშუალო სიხშირეებით და იმდენად თბილი საუნდი აქვს, რომ რაღაც პერიოდი ვიფიქრე, პარაფინირებას გავუკეთებ და დავტოვებთქო. მაგრამ, როგორც კი ერთდროულად ორ სიმს ან მეტს იღებ, საუნდი გარჩევადობას კარგავს მცირე ქრანჩზეც კი (ქლინზე ნორმალურას ჟღერს). სამართლიანობისათვის ისიც უნდა ითქვას, რომ კონცეპტუალურად გიბსონ ლეს პოლ სტანდარტი არაა გამოკვეთილად მეტალ-გიტარა (ამას ბევრი გააპროტესტებს :D ). არ ვიცი, რამდენად უშველის ამას პარაფინი, მაგრამ ტრადიციას არ ვუღალატებ და ამ გიტარაში სეიმორის ჰოთ როდ სეტს (JB/Jazz) ჩავსვამ.

ჯერჯერობით, რა პრობლემებსაც წავაწყდი: სიმების გამოცვლისას ფინგერბორდი კარგა ხანი ვწმინდე, ასე მეგონა, ჩინური ინდუქტრიის მთელი ნარჩენი ზედ იყო დალექილი. გაწმენდის შემდეგ, კონდიციონერის (მე დანლოპს ვიყენებ) კარგი სქელი ფენა ხარბად შეიწოვა (ძალიან ყოფილა ხე გამომშრალი), რის შედეგადაც ლადებმა ოდნავ შეიცვალა სიმაღლე და ერთ-ორ ადგილას მცირე ფრეტჯობს ითხოვს (ძალიან ლაითად, გამოსწორებადია და დიდი არაფერი დაშავებულა).
ჯერ კიდევ საბოლოოდ ვერ გადავწყვიტე, რომელი ვარიანტი ავირჩიო პიკაპების კომუტაციისათვის. ზოგადად ძალიან მიმზიდველია პეიჯის სქემა (4 პუშ-პული, ჰამბაკერების სინგლებად გადაკეთება, პიკაპების მიმდევრობით ჩართვა და ფაზის ინვერსია), მაგრამ მჭირდება რომ ამ ინსტრუმენტზე ამდენი ვარიანტი? ვფიქრობ, საკმარისი უნდა იყოს მარტო ჰამბაკერების სინგლებად გათიშვა.
ელექტროობის ბუდე დიდად მოსაწონი არაა.

პოტენციომეტრები მაინც შესაცვლელი იყო, ეკრანირებაც გასაკეთებელი, საბოლოოდ გადავწყვიტე და ვიყიდე პეიჯის კომუტაციისათვის წინასწარ აწყობილი პლატა 4 პუშ-პულ პოტენციომეტრით


სიმების დამჭერები, რაც ეყენა, გიტარას არ შლიდა და დატოვებაც შეიძლებოდა ალბათ, მაგრამ მაქსიმალური აბგრეიდით მიღებული საბოლოო შედეგის ცნობისმოყვარეობით (და ასევე იმის გამო, რომ ორიგინალ გიბსონებსაც კი, კოლკებს უცვლიან), შევარჩე ვინტეჯ სტილის,
Grover ბრენდის მაღალხარისხიანი ამერიკული კოლკები.

იუტუბზე თუ სხვადასხვა ფორუმებზე ამბობენ, რომ რაც უფრო მძიმეა სიმების დამჭერები, მით უფრო კარგი ხმა აქვს გიტარასო. ასე პირდპირ, არ შემიდარებია და ვერაფერს ვიტყვი, თუმცა ვაღიარებ, რომ ახალი კოლკები ძველებთან შედარებით ნამდვილად მძიმეა (ძირითადად, ხარისხიანი მეტალის გამო) და ნებისმიერ ხარისხიან ნივთს უპირატესობა აქვს. ახალი კოლკების დასაყენებლად საჭირო გახდა გრიფზე არსებული შესაბამისი ხვრელების უკანა ნაწილის 2 მილიმეტრით გაგანიერება (სურათზე, მარცხნივ ორიგინალი, ხოლო მარჯვნივ Grover-ის კოლკაა).

ყოველი შემთხვევისათვის, ჰედსტოკს გახვრეტამდე, მეტი სიმტკიცისათვის ლეიკო შემოვუჭირე (იყო თეორიული რისკი, რომ ელექტრობურღს ხე გაეხეთქა და გიტარა გადასაგდები გახდებოდა), თუმცა პროცედურამ ექსცესების გარეშე ჩაიარა და ახალი კოლკები ფრიად საიმედოდ ჩაჯდა განკუთვნილ ნახვრეტებში.

დიდი ფიქრის მერე, ისევ ექსპერიმენტის აზარტით, გადავწყვიტე ნატის შეცვლაც. ქარხნულდ იაფფასიანი პლასტმასის ნატი ეყენა და თითქოს არც საჭიროებდა შეცვლას, მაგრამ შევარჩიე და გამოვიწერე მრავალჯერნაქები კომპანია graphtech-ის ნატი TUSQ XL, ეპიფონის ზომებით (თავიდან გიბსონის სტანდარტის გამოვიწერე, მაგრამ აშკარად ზომებში არ დაემთხვა, ამიტომ მოერე ცდა დამჭირდა და გაამართლა კიდეც. შესაბამისად, თუ ვინმე იგივეს გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ). ნატის შეცვლის პროცედურა იუტუბზე ბევრგანაა გაშუქებული, ამიტომ მე მხოლოდ იმას დავამატებ, რომ როცა ორიგინალ ნატს მოხსნით, ქლიბით ძალიან არ გაერთოთ, შეიძლება ზედმეტი სიცარიელე შეიქმნას ახალი ნატისათვის განკუთვნილ ბუდეში.
 
 
და რადგან ჰედსტოკი მომყავდა ფორმაში, ტრას როდ კოვერიც გამოვცვალე და საბოლოოდ ასეთი შედეგი მივიღე:

ამ ეტაპზე საბოლოო ნაბიჯი ბრიჯის გამოცვლა იყო. ცალკე დიდი თემაა, თუ რომელი ჯობია და რითი განსხვავდება ეს ბრიჯები ერთმანეთისაგან, რა ზომები და რომელ ინსტრუმენტებზე გვხვდება (შერჩევისას, აუცილებლად კარგად გაარკვიეთ, რა გჭირდებათ), ამიტომ, ცოტა ხნის წინ ვიყიდე 2014 წლის ორიგინალი გიბსონ ლეს პოლის ბრიჯის მთლიანი კომპლექტი, რომელიც პირდაპირი გამოცვლით, თავისთავად, არ წავიდა ამ ინსტრუმენტზე, თუმცა მცირეოდენი მანიპულაციის დახმარებით ისვე საიმედოდ მოვარგე, როგორც ორიგინალი უნდა ეყენოს.



ყველაფერი ზემოხსენებულის საბოლოო შედეგად მივიღე დამყოლი ინსტრუმენტი ძალიან სუფთა ბგერით და ასევე გრძელი სუსტეინით. არ ვიცი ეს უკანასკნელი კონკრეტულად რომლის გამო გაიზარდა - მომჭერების, ნატის თუ ბრიჯის გამო, ცალცალკე მათი შემოწმება არც მიცდია, მაგრამ შედეგიდ იმდენად კმაყოფილი ვარ, რომ ვთვლი, ზედმეტი არცერთი ნაბიჯი არ ყოფილა.

ესეც ფოტო:
 

p.s. საბოლოოდ, საუნდის მოსმენის შემდეგ, ბრიჯში ჩავსვი Seymour Duncan Custom 5 (sh-14) , რომელსაც შედარებით დაბალი output აქვს, მაგრამ სამაგიეროდ მეტი ბასი და დინამიკა. ასევე, ნეკ პიკაპსაც კოვერი გავუკეთე.

No comments:

Post a Comment