Monday, December 10, 2018

Tonewood

გიტარისტებში დიდი ხანია მიდის კამათი თემაზე, აქვს თუ არა ჟღერადობისთვის მნიშვნელობა იმ ხის მასალას, რითიც დამზადებულია ინსტრუმენტი. აკუსტიკურ გიტარებში საკითხი ცალსახად გარკვეულია, სიტუაცია გაცილებით მწვავეა ელექტროგიტარების შემთხვევაში. აზრი ორად იყოფა. ერთი ნაწილი თვლის, რომ ელექტროგიტარის ხმის ტემბრს განაპირობებს მხოლოდ პიკაპები, მეორე ნაწილი კი ამტკიცებს, რომ ერთიდაიგივე პიკაპი სხვადასხვა ხის კორპუსზე სხვადასხვანაირად ჟღერს. ინტერნეტი სავსეა რესურსებით (ფორუმები, სტატიები, იუტუბი... საკმარისია ჩაწეროთ საძებნ სისტემაში tonewood და ზღვა ინფორმაციაა), სადაც ნაწილი ერთ პოზიციას ემხრობა, მეორე ნაწილი კი საპირისპიროს ამტკიცებს.

ჩემი აზრით, გიტარის ჟღერადობაში ხის მასალას დიდი მნიშვნელობა აქვს. გარდა იმისა, რომ აკუსტიკურადვე (სანამ გიტარას შეაერთებ), ეს განსხვავება აშკარაა, გიტარის წესიერ ამპში შეერთების შემდეგაც, ინსტრუმენტის ინდივიდუალურობა არ იკარგება და ეს განსაკუთრებით აშკარად ჩანს გამაძლიერებლის სუფთა არხზე. რაც უფრო ავუწევთ გეინს, სხვაობა შედარებით მხირდება და თითქმის მინიმუმამდე დადის ულტრამაღალი გეინის გამოყენებისას, მაგრამ ამ დროსაც კი, თუ რეალურ დროში და კარგად აწეულ ამპზე ვუკრავთ გიტარაზე, მისთვის დამახასიათებელი ობერტონები და რეზონანსები კარგად იგრძნობა. თავისთავად, გიტარის ჟღერადობას მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მისი კონსტრუქცია (მენზურის ზომა, გრიფისა და კორპუსის გადაბმის ტიპი, ბრიჯის სახე...), პიკაპები, სიმები და მასალა, რითაც დამზადებულია ნატი და ლადები.

ხის მასალებს შორის განსხვავება კარგად ისმის იუტუბზე რამდენიმე ვიდეოში:




ვფიქრობ, პოზიციას იმის შესახებ, რომ ხის მასალა ჟღერადობის ჩამოყალიბებაში არ მონაწილეობს, ძირითადად მუსიკოსების ის ნაწილი იზიარებს, რომელთა სეტაპშიც ციფრული აპარატურა ჭარბობს, განსაკუთრებით კი გეინისა და ამპის მოდულაციები. სპეციფიკიდან გამომდინარე ციფრული ტექნიკა ინსტრუმენტის ინდივიდუალური ნიუანსების მნიშვნელოვნ ნიველირებას ახდენს. ამასთანავე, არის მუსიკოსების გარკვეული ნაწილი, რომელიც შორსაა პერფექციონიზმისგან და მცირე დეტალებს ყურადღებას არ აქცევს (ან ვერ აღიქვამს).


ელექტროგიტარების სერიული მოდელების კორპუსში ყველაზე ხშირად იყენებენ მურყანს (Alder), იფანს (Ash), ცაცხვსა (Basswood) და მაკაგონს (Mahogany).

მურყნის
(Alder) კორპუსები ხშირია ფენდერის სტრატებსა და ტელეკასტერებზე, ჯეკსონებზე. ეს ხე კარგ ბასს, სავსე საშუალო სიხშირეებს და აქცენტირებულ მაღალ სიხშირეებს იძლევა, რის გამოც ძალიან კონკრეტული ბგერა აქვს და ყველაზე სტაბილურია მასითა და სიმკვრივით.

იფნისგან
(Ash) მზადდებოდა ტელე- და სტრატოკასტერები 50-იანების ბოლომდე, ახლაც, ფენდერი შირად უშვებს მთელ რიგ მოდელებს Ash კორპუსით. ეს ხე ყველაზე ვარიაბელურია სიმკვრივესა და მასაში, შესაბამისად, ხმის ტემბრშიც, თუმცა ძირითადად მაინც მაღალი სიხშირეები ჭარბობს.

ცაცხვი
(Basswood) წლების განმავლობაში სტანდარტულად გამოიყენებოდა იბანეზის RG სერიაში (ამ ბოლო დროს იბანეზის ზოგ მოდელებში აქტიურად გმოჩნდა მაკაგონი და იფანი), მუზიკმენისა და სკვაერის მოდელებში. ჩამოთვლილთაგან ყველაზე მსუბუქი და რბილი ხეა. ფორების სტრუქტურული თავისებურების გამო, არც დაბალი და არც მაღალი სიხშირეები არაა აქცენტირებული, შესაბამისად, ყველაზე „გათანებრებული“ ჟღერადობა აქვს. ამ ოთხეულში ცაცხვის მასალა ყველაზე იაფი ჯდება (ამიტომ ხშირად იაფფასიან მოდელებში იყენებენ), რის გამოც გაჩნდა მცდარი შეხედულება, რომ უხარისხო ხეა. სინამდვილეში მუსიკალური მახარიათებლებით არაფრით ჩამოუვარდება სხვებს. თუნდაც ის რად ღირს, რომ ამ მასალითაა დამზადებული სტივ ვაის, ჯო სატრიანისა და ჯონი პეტრუჩის მოდელების უმეტესობა.

მაკაგონი
(Mahogany) ასოცირდება ძირითადად Gibson-თან (Les Paul, SG, Explorer) და Paul Red Smith-თან. სხვადასხვა რეგიონში დამზადებულ მასალის ფერსა და სიმკვრივეში შეიძლება დიდი სხვაობა იყოს, თუმცა ტემბრი ყოველთვის დამახასიათებლად რღმა, რბილი და სავსე აქვს. მაკაგონი დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარზე თითქმის არ მოდის, ის უპირატესად სამხრეთული ჯიშია.უფრო მეტი დეტალებისთვის საინტერესო ლინკებია:

http://www.warmoth.com/Guitar/Bodies/Options/BodyWoodOptionsPop.aspx http://www.jemsite.com/jem/wood.htm

გრიფები მაკაგონის კორპუსისათვის როგორც წესი, იგივე მასალისგან კეთდება, სხვა ინსტრუმენტებზე მთლიანი ნეკერჩხლისგან (Maple) და ხშირად ლადების მხარე Rosewood ან Ebony- ფენით იფარება. ბოლო წლებში, ეგზოტიკური და დაცული ხეების ექსპორტის საერთაშორისო რეგულაციების (CITES) ამოქმედებასთან დაკავშირებით, Rosewood-ის ნაცვლად იყენებენ Pau Ferro-ს მასალას, რომელიც შეფერილობით და ტემბრალური მახასიათებლით პრაქტიკულად იგივეა.

ხის მასალის ჟღერადობაზე გავლენას ახდენს იმ გარემოს ტემპერატურა/ტენიანობა, სადაც იზრდებოდა ხე. რაც უფრო ცივ გარემოში იზრდებოდსა ხე, მით უფრო მკვრივია მისი ბოჭკოები, მაგრამ ეს მას რადიკალურად არ უცვლის ტემბრს (ოდნავ უმატებს რეზონანსულ სიხშირეს და ინსტრუმენტიუფრო ჟღერადი ხდება) და სხვა ხის მასალაში არასდროს შეგეშლება. შესაბამისად, მაგალითად მაკაგონს, მიუხედავად მისი ზრდის ლოკაციისა, არასდროს ექნება მურყნის ან ცაცხვის ხმა.
ელექტროგიტარის ჟღერადობაში ხის მასალას, რომელიც გამოყენებულია დამზადებისას უმთავრესი ადგილი უკავია (პიკაპებთან ერთად), ფასის მხრივ კი ალბათ ყველაზე ნაკლები. საშუალოდ, ერთი გიტარისათვის დაახლოებით 30-80$-ის მასალაა საჭირო (მწარმოებლების მიერ დიდი პარტიების შესყიდვისას), რაც ბუნებრივია, საბოლოო ფასზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს. სამაგიეროდ ბუნებრივად, ხანგრძლივი გამოშრობისათვის (წლები) ხის მასალის შენახვა ჯდება ძვირი. მასალის ჟღერადობაში უკიდურესად დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორაა გამომშრალი ხის მასალა. ითვლება, რომ ბუნებრივად და ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამომშრალი ხის მასალა გაცილებით უკეთ ჟღერს, ვიდრე ვაკუუმში მაღალ ტემპერატურაზე ხელოვნურად გამომშრალი. ამიტომ, ბუნებრივად გამომშრალი ხის მასალა ძირითადად მიდის მაღალი კლასის ინსტრუმენტებში (ეგრეთწოდებულ კასტომ შოპებში), სერიული მოდელებისთვის კი ხის მასალას სპეციალურად განკუთვნილ სივრცეში, მაღალი ტემპერატირუსა და ვაკუუმის პირობებში აშრობენ. ერიულ მოდელებისთვის არავინ აძველებს ხის მასალას წლების განმავლობაში, აბსოლუტურად არამომგებიანი იქნება ეს საწარმოსთვის. აქ კიდევ ერთი ნიუანსია საინტერესო. ხელოვნურად გამომშრალი ხეები დროთა განმავლობაში ისევ აგრძელებ ბუნებრივ შრობას იმ სივრციდან, როემლიც არაა საღებავითა და ლაქით დაფარული, ამიტომაც ხშირად 10-20 წლის საშუალო კლასის გიტარა შეიძლება უკეთესად ჟღერს, ვიდრე რომელიმე ბრენდის ახალი, სერიული მოდელი.
ელექტროგიტარის კორპუსი ისტორიულად 1 ან 2 ნაჭრისგან მზადდებოდა. ბოლო წლებში, ინსტრუმენტის თვითღირებულების შესამცირებლად მწარმოებელი (მათ შორის ისეთები, როგორიცაა ფენდერი და გიბსონი) გიტარის კორპუსს ხის რამდენიმე ვიწრო ნაჭრის (3-4 ან მეტი) შეწეპების შედეგად მიღებული მასალით ამზადებს. ეს კარგია თუ ცუდი? კარგია იმისთვის, რომ როდესაც ხე ბუნებრივ შრობას აგრძელებს, დეფორმირების შანსი მცირდება. შეიძლება ცუდი იყოს სუსტეინისთვის, მაგრამ პირიქითაც შეიძლება: სხვადასხვა ნაჭერმა დააბალანსოს ერთმანეთის რეზონანსული სიხშირე. ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად არ მეგულება ადამიანი, რომელსაც შეუძლია ყურით გაარკვიოს, ერთიანი ხისაა კორპუსი თუ რამდენიმე ნაჭრისგან შედგება.

ყველაზე ხშირად გავრცელებული მცდარი შეხედულებებიდან გამოვყოფ რამდენიმეს.

მძიმე გიტარა უკეთესად ჟღერს.
ყოველთვის არა. გარდა იმისა, რომ გაურკვეველია, თუ რა იგულისხმება „უკეთესში“ (სუსტეინი, ჟღერადი ხმა, გაწონასწორებული ან თბილი ტემბრი...), ინსტრუმენტის ავკარგიანობას განსაზღვრავს არა მისი სიმძიმე, არამედ გამოყენებული მასალა (ხეც და ელექტროობაც) და მისი დამუშავების ტექნოლოგია. უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით, რომ ერთიდაიგივე კონსტრუქციული ტიპის ინსტრუმენტში (ბრიჯის სახეობა, გრიფის მიმაგრების ტიპი, ხის მასალა, პიკაპები) ერთიდაიგივე სახეობის ხის მასალის შემთხვევაში, მძიმე გიტარა უფრო მეტ სუსტეინს იძლევა.

ერთიდაიგივე სახეობის ხე შეიძლება სხვადასხვაგვარად ჟღერდეს.

თუ ლაპარაკია იმაზე, რომ მაგალითად, ორი გიბსონ ლეს პოლი ერთმანეთისგან განსხვავებულად შეიძლება ჟღერდეს, ეს მართლაც ასეა. ესთიდაიგივე სახეობის ორი სხვადასხვა ხის მასალა შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს, მაგრამ მაკაგონის ლეს პოლს არასდროს ექნება მურყნის ხმა, ეს უბრალოდ, შეუძლებელია.

ინსტრუმენტების ჩინური ასლები დამზადებულია იგივე მასალისგან, რასაც იყენებენ ორიგინალში.
არაა
მართალი. სტრატების ჩინურ ასლებში გარდა მურყნისა, ძალიან ხშირად ხმარობენ Basswood- (ცაცხვს, რომელსაც ფენდერი მხოლოდ სკვაერებში იყენებს). ასევე, მაკაგონის ნაცვლად ხშირად ცაცხვით ამზადებენ ლეს პოლის ასლებსაც.

No comments:

Post a Comment